ადგილობრივი სახელწოდება
ხარისფაშვა, ირმისტუჩა (ქართლ.) (1).
აღწერა
ნაყოფსხეული — 5–14 სმ. სიმაღლის, შედგება ქუდისა და ფეხისაგან. ქუდი — 2–10 სმ-მდე სიგრძის და 2–7 სმ-მდე სიგანის, კონუსისებრი, ზოგჯერ კვერცხისებრიც, მოყვითალო-მურა შეფერილობის. ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებური უჯრედებით, რომელთა შიგნით განვითარებულია მეორადი ტიხარი, ქუდის კიდეები მთლიანად შეზრდილია ფეხთან. ფეხი — 3–7 სმ-მდე სიგრძის და 2–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ფუყე, თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებული. რბილობი — ცვილისებრი, მოთეთრო, მყიფე, უსუნო, სასიამოვნო გემოთი. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრული ჩანთებისაგან, ზომით 200–350 X 15–20 მკმ. სპორები — ელიფსური, გლუვი ზედაპირით, 18–24 X 10–12 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ღია ადგილებში, აპრილიდან ივნისამდე. ძირითადად ნათელ, ფოთლოვან ტყეში, ასევე, შერეულ წიწვოვან ტყეში და ბაღ-პარკებში.
გავრცელება — სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, თბილისი (3).
გამოყენება
სოკო საჭმელია, იხმარება მხოლოდ ნედლი (მოხარშული და მოხრაკული), მაგრამ საჭმელად გამოყენებამდე საჭიროა წვრილად დაიჭრას, ჩაიყაროს ადუღებულ წყალში 15–20 წუთი, ნადუღი გადაიღვაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი საჭმელად გამოყენება. მისი გათუთქვის გარეშე გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა (2).
კახეთი — „გაზაფხულზე ამოდის, იმდენი არ არის, მაგრამ ძალიან გემრიელია“ (4). ქართლი — „ირმის ტუჩა გაზაფხულზე იცის, გემრიელია, მაგრამ ცოტაა“ (5).
წყარო
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ჩადუნელი, ზ. (2015) სოფ. გურგენიანები, ლაგოდეხი.
- ძაგანაშვილი, მ. (2015) სოფ. არაშენდა, საგურამო.

