ადგილობრივი სახელწოდება
ბუშტისებრი თავაკა (1), დათვის ქაჩქაჩი (მოხ.) (2).
აღწერა
ნაყოფსხეული — უფრო ხშირად ამობრუნებული მსხლისებრი, 15–18 სმ-მდე დიამეტრის და 10–15 სმ-მდე სიმაღლის. ძირისკენ ვიწროვდება, თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მურა-მონაცრისფრო, ქერცლოვან-მარცვლოვანი და ბადისებურად დახეთქილი ზედაპირით. რბილობი — თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მურა-მომწვანო ან მუქი მურა შეფერილობის. შიგნითა გარსს თავზე რამდენიმე ნახვრეტი ახასიათებს, რომელიც შემდეგ ფხვნილის სახით იშლება და რჩება ფიალის ფორმის წარმონაქმნი. სპორები — სფეროსებრი, მომწვანო, დაწინწკლული ან სადა ზედაპირით, ზოგჯერ მოკლე დანამატით, 4 X 5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, უმეტესად მდელოებსა და მინდვრებში, ასევე, ტყისპირებშიც, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნორჩი, რბილობის გამუქებამდე (1).
ხევი — „გამხმარი ფუთქურა „დამძრალ ქუსლებზე დედაჩემმა დათვის ქაჩქაჩი დამადვისკე, და ზედ წინდაი შამამაცვისკე“(2), „დათვის ქაჩქაჩი საძოვრებზე იცის ხოლმე, თავიდან დიდი ბურთებივითაა მერე ჯამები რჩება. სანამ მაგარია ვჭამთ“ (4).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ღუდუშაური, ი. (2011) მოხეურ სიტყვათა ლექსიკონი. ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბილისი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ჩქარეული, თ. (2015) დაბა ყაზბეგი.

